გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს გაეცნო. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა კომპანიაში სტუმრობისას ქართული ნედლეულის ადგილზე გადამუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს და შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია. ეს, ერთი მხრივ, ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას აძლევს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ახალი საწარმოების განვითარებას, დასაქმების ზრდას და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებასა და საკონსერვო პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს.
სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საწარმოო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება. ქარხანა ნედლეულს პარტნიორი კომპანიისგან „მარნეული აგრო“ და 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს, რაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.
ქარხნის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. საწარმოს საექსპორტო პროდუქციაში განსაკუთრებით მოთხოვნადია ტყემალი, კიტრის მარინადი და აჯიკა.
მინისტრთან ერთად მარნეულის სასურსათო ქარხანაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი , სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი იმყოფებოდნენ.




























