საქართველოს საპენსიო სააგენტო 2023 წლის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც დარიცხული სარგებელი 857 მილიონი ლარია. ანგარიშში საუბარია, როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე არსებული ინვესტიციებიდან (სადეპოზიტო სერტიფიკატებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან) მიღებულ შემოსავლებზე, ასევე გლობალურ აქციებში ჩადებული აქტივებიდან მიღებულ სარგებელზე. გლობალურ აქციებს შორის საპენსიო სააგენტო მიუთითებს, რომ სამხრეთ ამერიკული აქციები განსაკუთრებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ მიმართულებით აქციების მხოლოდ მცირე ნაწილია დაბანდებული.
მთლიანობაში გლობალურ აქციებში ინვესტირებულია საპენსიო ფონდის მთლიანი ღირებულების 19.2%, რაც ამჟამად დაახლოებით 841 მილიონი ლარია. აქედან ყველაზე მეტი თანხა 41.5% ჩადებულია ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან საფონდო ინდექსში S&P 500-ში, რომელიც თავისმხრივ მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Microsoft, Google, Amazon, NVIDIA და სხვა. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკულ ინდექსს - ILF-ს, მასში გლობალური აქციების წილის მხოლოდ 8.3% არის ინვესტირებული, რაც 70 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ მიმართულებით არსებულ კარგ შედეგებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საპენსიო სააგენტომ.
"2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.
განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.
31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში,"- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საპენსიო დანაზოგების გლობალური აქციები ასე ნაწილდება:
გლობალური აქციები/ფონდები | საინვესტიციო პორტფელის ზომა (მლნ ლარი) | წილი აქციებში |
SPDR S&P 500 ETF Trust (SPY) | 349 მილიონი ლარი | 41.5% |
Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) | 156 მილიონი ლარი | 18.5% |
Vanguard FTSE Europe ETF (VGK) | 148 მილიონი ლარი | 17.6% |
iShares Latin America 40 ETF (ILF) | 70 მილიონი ლარი | 8.3% |
Vanguard FTSE EM Markets ETF (VWO) | 103 მილიონი ლარი | 12.2% |
Franklin FTSE Canada ETF (FLCA) | 16 მილიონი ლარი | 1.9% |
სრული პორტფელი | 841 მილიონი ლარი | 100% |