მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს - ქვრივიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან. შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შედგა.

"IMO-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას, შეუფერხებელ მუშაობას და ჩვენ მზად ვართ IMO-სთან თანამშრომლობისთვის მრავალი მიმართულებით, რომელთა შორისაა შუა დერეფნის მარშრუტზე უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე ციფრული ჰარმონიზაცია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უკვე დანერგილია საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (Maritime Single Window-ისა), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციებთან სრული შესაბამისობას.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოში ჰიდროგრაფიული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და S-100 სტანდარტზე გადასასვლელად მზადყოფნაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ჩართულობაზე IMO-ს მწვანე ტრანზიციის ინიციატივებში. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს IMO-ს მხარდაჭერილ გარემოსდაცვით პროგრამებში.

„ვისაუბრეთ საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის საკითხებზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის. ამასთან, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

არსენიო დომინგესთან შეხვედრისას ქვრივიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ზე ოფიციალურად მოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები