ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ რეგიონებში და დედაქალაქში კერძო სექტორთან შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, ხელშესახებად გაზომვა იმ გავლენის, რაც რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა.
ქვრივიშვილი ამბობს, დღეს რა მოცემულობის წინაშე დგას ტურიზმის სექტორი და როგორი შეიძლება იყოს გავლენა ქვეყანაზე, თუ საქართველოში რუსი ტურისტები აღარ შემოვლენ.
„ჩვენ ვიმყოფებოდით აჭარაში, ქობლეთსა და ბათუმში, კახეთში, ქუთაისში. გარდა ამისა მიმდინარეობს შეხვედრები დედაქალაქში. ჩვენი პრობლემა და გამოწვევა არის კერძო სექტორის გამოწვევა. ჩვენ გვინდოდა ხელშესახებად გაგვეზომა, რა გამოწვევის წინაშე დადგა კონკრეტული რეგიონები და იქ კონკრეტულ ტურიზმში დასაქმებული ადამიანები.
ბიზნესი ნაკლებად ემოციურია. ჩვენ ვზომავთ შემოსავლებს, იმ ფულს რომელიც ჩვენი ბიზნესიდან შეიძლება, რომ მივიღოთ. მთავარი არის რა მოცემულობა დადგა დღეს. აჭარა და ზღვისპირა ქალაქი დღეს დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ გაუქმებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯავშნები. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ კახეთში არანაკლები მდგომარეობაა ჩვენდა სამწუხაროდ. ვგულისხმობ ჯავშნებს და ნაკლებობაა შემოდინებული შემდგომი ჯავშნებისა რუსეთის ბაზრიდან.
აქედან გამომდინარე რამდენიმე მიმართულება გამოისახა . პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ორი რეალობა. პირველი, რაც ჩვენ ხელშესახებად გვაქვს, ეს არის ციფრები, გამჭვირვალე ინფორმაცია, სტატისტიკას ვგულისხმობ, რომელიც იუწყება იმას, რომ ჩვენ რა დანაკლისი შეიძლება მივიღოთ.
ციფრებით რომ ვისაუბრო, წლის ბოლომდე საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 700 000 რუსი ტურისტი. 2019 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე. ჩვენ ვგულისხმობთ დაახლოებით 1 მილიონიან ტურისტს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ეკონომიკურად ითარგმნება 2 მლრდ ლარში“-აცხადებს გადაცემაში "ფორბსის კვირა" მარიამ ქვრივიშვილი

























