მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსხვავებული კონცეფციის რესტორანი „წისქვილი ტერასა“ სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს

სს
08.07.24 18:32
1270

„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს. ახალი ფილიალი აერთიანებს დარბაზს, ტერასასა და ვიტრაჟულ სივრცეებს.

„წისქვილი“ უკვე 22 წელია, პრემიუმ კლასის სარესტორნო მიმართულების ლიდერია საქართველოში. ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ჩვენი გუნდი მუდმივად ამუშავებს ახალ კონცეფციებს და ქმნის განსხვავებულ სავახშმო გამოცდილებებს. „წისქვილი ტერასა“ დიდი შრომით შექმნილი მორიგი პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალევე დაიმსახურებს მომხმარებლების განსაკუთრებულ სიყვარულს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.

„წისქვილი ტერასა“ განსხვავებული დიზაინის მქონე სივრცეა, რომელშიც გამოყენებულია ბუნებრივი მასალები – თიხა და ხე. ასევე, აქ ბევრგან შეხვდებით დამუშავებული ლითონის დეტალებსა და მცენარეებს.

„ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ახალ ფილიალს „წისქვილის“ სხვა რესტორნებისგან გამოარჩევს გამწვანებით დატვირთული ტერასაა, საიდანაც თბილისის ხედები იშლება. აქვეა განთავსებული საზაფხულო ბარი და სცენა. არანაკლებ საინტერესოა ვიტრაჟული სივრცე და დარბაზი თავისი Show Kitchen-ით, რომელიც სტუმრებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ კერძების მომზადების პროცესს“, – ამბობს არქიტექტორი და პროექტის ავტორი, აკაკი ჩხაიძე.

ახალ ფილიალში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც „წისქვილის“ კარგად ნაცნობი ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.

„წისქვილი ტერასას“ სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. ასევე, სპეციალურად ახალი ფილიალისთვის იტალიიდან ჩამოვიტანეთ ღუმელი, რომელშიც ჩვენი ცომეული გამოცხვება. რაც მთავარია, ახალი რესტორანში შენარჩუნებული იქნება „წისქვილის“ პრემიუმ ხარისხი და მისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი გემოები“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.

„წისქვილის“ პირველი რესტორანი „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა. დღეს ის ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და აერთიანებს თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე 8 რესტორანს – „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, „წისქვილს მცხეთაში“, „წისქვილს ვაკეში“, „წისქვილს წყნეთში“ და „წისქვილი ტერასას“. გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები