ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და ადვოკატი პრეზიდენტს 22 წლის პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. საქალაქო სასამართლოში მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ისინი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ.
„განცხადება მზად გვაქვს“, - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება არ მიიღო, შემდგომი ნაბიჯი შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება იქნება. თუმცა, ადვოკატის ვარაუდით, საქალაქოს გადაწყვეტილებას ძალაში სააპელაციო სასამართლოც დატოვებს. გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცნობისთვის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით აქციაზე დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო.