მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვაახლეთ მოლაპარაკებები, ქუთაისში მალე ელექტრომობილებს გამოვუშვებთ – პრემიერი

6173f10900ac1
BM.GE
23.10.21 15:22
2321
უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა.

“დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირში 2020 წელს გავიდოდა.

გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმდეს და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადდეს.

თუმცა, კომპანია "აიგრუპმა" გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა. "საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები