თბილისის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული სისტემით გათვალისწინებული წლიური 250-ლარიანი აბონემენტის შეძენა არ შეუძლიათ, მათ ბანკთან შეთანხმებით შეუძლიათ, განწილვადება გააკეთონ. ეს შეთავაზება კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში მას შემდეგ გააჟღერა, რაც ახალი ინტეგრირებული სისტემის ტარიფები განმარტა და აღნიშნა, რომ ყველაზე იაფად მოქალაქეები იმ შემთხვევაში იმგზავრებდნენ, თუ 250-ლარიან სააბონემენტოს შეიძენდნენ.
დამატებითი განმარტებები დღეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ 250-ლარიანი პაკეტის შეძენის განწილვადება ბანკების პრეროგატივაა და ამ პროცესში თბილისის მერია არ ჩაერთვება. ხმალაძის განმარტებით, განვადებაზე და პროცენტის სუბსიდირებაზე საუბარი სწორი მაშინ იქნებოდა, თუ მგზავრებისთვის მხოლოდ ერთი 250-ლარიანი აბონემენტის შეთავაზება მოხდებოდა.
“მერიამ მომხმარებლებს სხვადასხვა პაკეტი შესთავაზა, მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ შესაბამისი პაკეტი. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ ისეთი პაკეტი შეიძინოს, რომლის საშუალებაც არ აქვს, შეუძლია მოიშველიოს საბანკო სექტორი. განვადებაზე და პროცენტის სუბსიდირებაზე უნდა გვესაუბრა, თუ შემოვიტანდით ერთ უალტერნატივო პაკეტს, 1-წლიან 250-ლარიან აბონემენტს. ამ დროს შეგეძლით დაგესვათ კითხვა- "რა ქნას ადამიანმა, თუ არ აქვს 250 ლარი?". თუმცა 90 წუთიდან დაწყებული, 1-თვიანი, 3-თვიანი და 6-თვიანი პაკეტები არსებობს. 7 აბონიმენტი შევთავაზეთ მგზავრებს. თქვენ თუ გაქვთ სურვილი, რომ შეიძინოთ 250-ლარიანი აბონემენტი, შეიძინეთ 250-ლარიანი აბონემენტი და დამერწმუნეთ, გექნებათ მოტივაცია იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით”-აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

























