კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ამის შესახებ 17 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ეუთოს ფარგლებში გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები.
განცხადების თანახმად, ქვეყნები შეძრწუნებულნი არიან, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით, კრიტიკოსების გასაჩუმებლად. ისინი აკეთებენ მოწოდებას დამნაშავეების დასჯის და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიული, ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს.
პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, უნდა დაისაჯონ.
როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს შევისწავლით. საქართველოს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.
ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- წერია განცხადებაში.