აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, მასატო კანდა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სატრანსპორტო/ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, კანდა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკა შეინარჩუნა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად“, - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.
შეხვედრას ლაშა ხუციშვილთან ერთად დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი და სხვა პირები.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მსხვილი საკრედიტო შეთანხმება, რომელიც მთავრობამ ADB-სთან გააფორმა ბათუმი-სარფის 11-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებას მოიცავს, პროექტის ღირებულება 360 მილიონი დოლარია. როგორც ცნობილია მთავრობა ADB-თან ასევე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზეც მართავს მოლაპარაკებებს.




























