მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვითარების ბანკები ქვეყნების მხარდასაჭერად თანამშრომლობას აღრმავებენ - რას გულისხმობს ინიციატივა

mdb

გაზრდილი გლობალური გაურკვევლობისა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მრავალმხრივი განვითარების ბანკების (MDB) ხელმძღვანელებმა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

MDB-ის ხელმძღვანელთა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანამშრომლობა მიზნად სტაბილურობის ხელშეწყობას, განვითარების პროგრესის შენარჩუნებასა და წევრ ეკონომიკებზე მზარდი ზეწოლის საპასუხო ზომების მიღებას ისახავს.

"განვითარების ბანკები ახლა ისე მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც არასდროს, რათა რთულ და ცვალებად გლობალურ გარემოში ჩვენს წევრებსა და კლიენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი ფინანსური ძალის, ცოდნისა და პარტნიორობის გაერთიანებით, ქვეყნებს ვეხმარებით მყისიერ გამოწვევებთან გამკლავებასა და მომავლისთვის მედეგობის შექმნაში", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა და MDB-ების ხელმძღვანელთა ჯგუფის მოქმედმა თავმჯდომარემ, მასატო კანდამ.

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, MDB-ების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე გლობალური მოვლენების გავლენა უკვე აისახება ენერგიის გაზრდილ ფასებზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებასა და ფინანსური პირობების გამკაცრებაზე.

ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ბანკების მზადყოფნას, დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ქვეყნებსა და კლიენტებს რისკების მართვაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და მოწყვლადი პოპულაციების დაცვაში.

ამ ფონზე, MDB-ების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს საერთო ვალდებულება, თანამშრომლობის გაღრმავებისა და მასშტაბური შედეგების მიღწევის შესახებ.

მათი ცნობით, მთავარი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ინფრასტრუქტურასა და გრძელვადიან მდგრად ზრდაზე, მათი მანდატების, სტრატეგიებისა და საოპერაციო ფოკუსის შესაბამისად.

MDB-ების ხელმძღვანელთა ჯგუფში შედიან: აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ინტერამერიკული განვითარების ბანკის ჯგუფი, ისლამური განვითარების ბანკი, ახალი განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი. ხელმძღვანელთა დისკუსიებში ასევე მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები