ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ეკონომიკის განვითარების ბანკი მსხვილი პროექტების დამფინანსებელი უნდა იყოს.
როგორც გიორგი ქობულიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსგავსი ფინანსური ინსტიტუტი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი პროექტების დაფინანსებაზე როგორიცაა მაგალითად ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა და არა ისეთ პროექტებზე, რომელსაც თავად კერძო სექტორიც გააკეთებს.
ქობულიას თქმით, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მსგავსი ფინანსური ინსტიტუტი არა კომერციული ბანკების კონკურენტი, არამედ მათთვის ხელსაყრელი ორგანიზაციაც იყოს.
„მე მთლიანობაში მივესალმები ამ ინიციატივას, მე მგონი ეს ძალიან კარგი აზრია. ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არის რამდენიმე სფეროში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება. ეს სფეროები არის ძირითადად დაკავშირებული სატრანსპორტო დერეფანთან და აგრეთვე ენერგეტიკასთან. ამ სფეროებში მსხვილი პროექტების შესრულება, როგორიცაა ჰესების მშენებლობა, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, მხოლოდ კერძო სექტორის ვერ განხორციელდება. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც არ გამოირჩევა სუპერ მაღალი მომგებიანობით ინვესტორისთვის. ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სახელმწიფოს მონაწილეობას ამ პროექტებში დაფინანსების მხრიდანაც. აი, ასეთი ტიპის განვითარების ბანკი, მე დავინახავდი მას, როგორც ერთ-ერთ დამფინანსებელს სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მსხვილი პროექტების შესრულებისთვის.
რაც შეეხება “აწარმოე საქართველოს” და განვითარების ფონდის შერწყმას - არც ეს არის ცუდი იდეა, იმიტომ რომ მოხდება მაქსიმალურად კვალიფიციური რესურსების კონცენტრაცია ერთ ადგილზე. მაგრამ ჩემთვის ასეთი ბანკის ძირითადი ფუნქცია არის იმ პროექტების წინ წაწევა, რომლებიც კერძო სექტორის მიერ ვერ სრულდება.
რა თქმა უნდა, ამას სწორი დაგეგმვა და მართვა უნდა. პირიქით, მე მგონი ეს სასარგებლოც იქნება კომერციული ბანკებისთვის. მაგალითად, გაჩნდება დიდი პროექტი, რომელიც ვერ გაჩნდებოდა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე კომერციული ბანკების სინდიკატები. ანუ ისინიც გასცემენ სესხებს ამ პროექტზე. ეს ჰგავს მაგალითად, EBRD-ის შემთხვევას. EBRD ხომ არ შედის კონკურენციაში კომერციულ ბანკებთან? მისი მანდატიც ხომ ეგ არის? რა თქმა უნდა, ეს ბანკი არ უნდა შევიდეს ისეთ პროექტში, რომელიც ისედაც გაკეთებადია კერძო სექტორის მიერ. საპარტნიორო ფონდის ფუნქციაც რეალურად ეს იყო, მაგრამ ვერ სრულდებოდა”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

























