ეკონომიკის განვითარების ბანკის ინიციატივა წარუმატებელი პროექტის - საპარტნიორო ფონდის (ამჟამინდელი განვითარების ფონდის) გადაფარვის მცდელობას ჰგავს - ასე აფასებს ფინანსისტი არჩილ იაკობაშვილი “ქართული ოცნების” ინიციატივას სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც ფინანსისტმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, მსგავსი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა მისი თქმით, ბუნდოვანია, რატომ გახდა საჭირო საქართველოს განვითარების ფონდის და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გაერთიანება სახელმწიფო ბანკის ჩამოსაყალიბებლად.
“ჯანსაღი ევროპული პრაქტიკა უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა მას განვითარების ბანკი ერქმევა თუ [სააგენტო] „აწარმოე საქართველოში“. ასეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მაინცდამაინც კლასიკური ბანკები არ არის, ანუ ანაბრებს არ იზიდავენ, არ არის აუცილებელი, რომ მას განვითარების ბანკი ერქვას. თუნდაც დარჩეს იგივე სახელი „აწარმოე საქართველოში“. აქ მთავარი მექანიზმი არის ის, რომ დამწყებ ბიზნესებს განსაკუთრებით დაეხმარონ შეღავათიანი კრედიტებით ან სახელმწიფო გარანტიებით და ასე იმუშაონ.
ევროპის არცერთ ქვეყანაში ასეთი სახის სპეციფიკური ფინანსური ინსტიტუტები ბანკის სახელით არ არიან ცნობილი. მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში ჰქვია საკრედიტო დაწესებულება და არა მაინცდამაინც ბანკი. არცერთ ანაბარს ის არ იღებს, არცერთი ბანკომატი მას არ გააჩნია, არცერთი ფილიალი მას არ აქვს. სამაგიეროდ ის ფინანსურ რესურსს მოიზიდავს კაპიტალის ბაზრიდან, გარანტიები აქვს სახელმწიფოსგან ამისთვის და გასცემს იმავე შეღავათიან კრედიტებს განსაკუთრებით დამწყებ ბიზნესებზე ან მცირე და საშუალო ბიზნესებზე და იგივე პრაქტიკის დანერგვაც შეიძლება აქ. ამისთვის ახლა სახელის ცვლილება და მეტი გაუგებრობის შეტანა ნამდვილად ზედმეტად მიმაჩნია.
ახლა უფრო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქცენტი კეთდება საპარტნიორო ფონდის გაუქმებაზე (ამჟამინდელი განვითარების ფონდი), რომელიც აღმოჩნდა წარუმატებელი პროექტი და იმისთვის, რომ გადაფარონ ამ ათწლიანი პროექტის წარუმატებლობა, მოიფიქრეს, რომ ისეთი ჯანსაღი სტრუქტურა, როგორიც იყო „აწარმოე საქართველოში“, დააკავშირონ მასთან და უცბად დაარქვან სახელი - განვითარების ბანკი. რამდენიმე ფუნქცია შეიძლება გადაეცეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” და დარჩეს ისე”, - განაცხადა არჩილ იაკობაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციის კანონპროექტის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. განმარტებითი ბარათის თანახმად, ფონდის საკრედიტო პორტფელი და ოპერაციები ეკონომიკის სსიპ-ს "აწარმოე საქართველოში" შეერწყმება. ამ შერწყმის შემდეგ კი მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის - "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნებას გეგმავს, რისთვისაც პარლამენტს ცალკე კანონპროექტი წარედგინება, შესაბამისად უშუალოდ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციონირების შესახებ მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.




























