მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანი 3-ის მშენებლობაზე წინადადებების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

თბოსადგური

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე წინადადებების წარდგენის ვადა ორი თვით, 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში BMG-ის უთხრეს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის პროექტის მნიშვნელობამ განაპირობა. 

“თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის წინადადებების წარმოდგენის ვადის გაგრძელება ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას პროექტით დაინტერესებულ კომპანიებს შორის, რაც თავის მხრივ, განაპირობებს წარმოდგენილი წინადადებების ხარისხსა და მრავალფეროვნებას”,- აცხადებენ კორპორაციაშია.

თავდაპირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტის მიზეზით, მთავრობამ უფრო მაღალი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა გადაწყვიტა.

ტენდერში გამარჯვებულად უნდა შეირჩეს კომპანია, რომელიც სახელმწიფოსგან გამოისყიდის “გარდაბანი 3”-ის აქტივებს და მის ბაზაზე ახალ თბოსადგურს ააშენებს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ 2012 წლის შემდგომ აშენებული აქვთ კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 150 მეგავატს შეადგენს. ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“-ის მიმდებარედ აშენდება.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები