მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა

გარდაბანი თბოსადგური

საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა კონკურსის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე გადავადდა.

ამასთან შეიცვალა კონკურსის აღწერაც თუკი აქამდე ინვესტორებს წინადადების წარდგენა საბოლოო ვადამდე ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ახალი პირობით მათ წინადადებები 2024 წლის 22 თებერვლიდან - 29 თებერვლის პერიოდში უნდა გააგზავნონ GOGC-ში.

გადაიწია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და ის დაინტერესებული კომპანიებისთვის 2024 წლის მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

დაინტერესებულ ინვესტორებს წინადადებები თავდაპირველად 31 აგვისტომდე უნდა წარედგინათ, რაც 31 ოქტომბრამდე, შემდეგ 30 ნოემბრამდე გადავადდა, ამის შემდეგ 15 იანვრამდე, საბოლოოდ კი შეცვლილი პირობებით ის 29 თებერვლამდე გადავადდა (22-29 თებერვალში).

თავდაპირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა. ამასთან, პროექტის განმახორციელებელი და დამფინანსებელი თავად GOGC უნდა ყოფილიყო, თუმცა 2023 წელს პირობები შეიცვალა და სახელმწიფოს ნაცვლად პროექტი კერძო ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.

ტენდერში გამარჯვებულად უნდა შეირჩეს კომპანია, რომელიც სახელმწიფოსგან გამოისყიდის “გარდაბანი 3”-ის აქტივებს და მის ბაზაზე ახალ თბოსადგურს ააშენებს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ 2012 წლის შემდგომ აშენებული აქვთ კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 150 მეგავატს შეადგენს. ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“-ის მიმდებარედ აშენდება.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები