მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანში მრავალფუნქციური კომპლექსი "თევზის სახლი გარდაბანში" იხსნება - ინვესტიცია ₾3 მლნ-ია

6421a4f403168
გვანცა სანაია
28.03.23 23:55
3012
₾3-მილიონიანი ინვესტიციით, გარდაბანში მრავალფუნქციური კომპლექსი "თევზის სახლი გარდაბანში" გაიხსნება. ინვესტორი ადგილობრივი მცხოვრები, სახმან მირზოევია. მისი თქმით, კომპლექსი სასტუმრო, რესტორანი და სათევზაო სივრცე გაერთიანდება და ვიზიტორებს საცხენოსნო ტურით სარგებლობაც შეეძლებათ.

როგორც BM.GE-სთან საუბარში, სახმან მირზოევია განმარტა, კომპლექსში ვიზიტორებს ყველა პროდუქტი ადგილობრივი დახვდებათ.

"თევზის სახლი გარდაბანში რამდენიმე ტბას მოიცავს, იქნება სათევზაო სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სპორტული თევზაობა. კომპლექსში გაერთიანდება სასტუმრო და რესტორანი. ვიზიტორებს საცხენოსნო ტურით სარგებლობაც შეეძლებათ. ტური კომპლექსიდან დაიწყება, მტკვრის მიმართულებით და ნაკრძალის გავლით გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, ვიზიტორებს ყველაფერი ადგილობრივი დახვდებათ, დაწყებული პურიდან, რომელსაც აქვე გამოვაცხობთ, დამთავრებული ყველანაირი საკვებით, რომელიც, ასევე, ადგილობრივი წარმოების იქნება.

გვყავს, როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვი, შინაური ფრინველები, თევზის ნაირსახეობა (კობრი, სქელშუბლა, ამური, ლოქო, შამაია, ცოცხალი). ადგილზე იქნება მოყვანილი ბოსტნეული, გვაქვს ხეხილის ბაღი. უკვე შევიძინეთ ფუტკრის 10 სკა და გვექნება ჩვენივე თაფლი. ამრიგად, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა არამხოლოდ დააგემოვნონ ადგილობრივი პროდუქტი, არამედ სურვილის შემთხვევაში, იქვე არსებულ მაღაზიაში, საბითუმო ფასად შეიძინონ "- განაცხადა BM.GE-სთან, სახმან მირზოევმა.



მისივე განმარტებით, მშენებლობა 7 ჰექტარ მიწაზე, ექვსი წლის წინ დაიწყეს და ტერიტორიაზე, დაახლოებით, 300 კვადრატული მეტრი ტბა იყო, რომელიც გაფართოვდა და ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. "რესტორნისგან მოშორებით, აშენებულია ფერმაც. ტბაში გავაკეთეთ ხელოვნური კუნძულები, სადამდე მისვლაც ნავით ან ბორნით არის შესაძლებელი. პრაქტიკულად, ყველა სამუშაო დასრულებულია, დარჩენილია მცირე დეტალები, რომელიც უახლოეს დროში დასრულდება.

კომპლექსი ოფიციალურად მიმდინარე წლის პირველ მაისს გაიხსნება. სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი. გვექნება სათამაშო მოედანი, სადაც პატარები შეძლებენ გართობას. უახლოეს მომავალში შევიძენთ რამდენიმე პონს, რათა როცა დიდები ცხენებით ისეირნებენ, ბავშვებმა პონებით მოახერხონ სეირნობა. ეს იქნება სრულად საოჯახო ტიპის კომპლექსი და ტერიტორიული მდებარეობა სრული სიმშვიდის გარანტიას იძლევა. კომპლექსი ცენტრალური გზიდან მოშორებულია 3 კილომეტრით და ესაზღვრება ნაკრძალს. რაც შეეხება ღირებულებას, სასტუმროს ნომერი სავარაუდოდ 100 ლარი იქნება საუზმის გარეშე, ხოლო საუზმით 120 ლარი. საუზმე იქნება ადგილობრივი პროდუქტებით, ჩვენს მიერ შეშაზე გამომცხვარი პურით, ჩვენს მიერ წარმოებული კვერცხით, კარაქით, ჯემით, თაფლით,"- ამბობს ინვესტორი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, მან თქვა, რომ აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდება და 20-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავენ: "კერძების დასამზადებლად მზარეული ჩამოგვყავს, ხინკალს, ხაჭაპურს, ანუ ქართულ კერძებს, ქართველები გააკეთებენ, აზერბაიჯანულ კერძებს აზერბაიჯანელები და ა.შ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ 18-20 ადამიანის დასაქმებას,"- აცხადებს სახმან მირზოევი.

ადგილობრივი ინვესტორი უახლოეს 6 თვეში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს, რომლითაც ნახევარ ჰექტარზე იპოდრომი მოეწყობა.

"ვგეგმავთ ტბის გაფართოებას, რადგან მიწიდან ამოვიდა წყალი, რომელიც სუფთაა და მის შემოგარენში მოწყობილ ტბაზე, კალმახს მოვაშენებთ. ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის განხორციელებაში ხელს გვიწყობს და დიდი იმედი გვაქვს, დაგვეხმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ასეთი დონის კომპლექსი, სადაც ამდენი სივრცეა ერთად და ამდენი სერვისი, საქართველოში ჯერჯერობით არ არის," - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები