ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნეს სკოლის დეკანი თეიმურაზ ტორონჯაძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას უნივერსიტეტი აქვეყნებს.
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ემშვიდობება უნივერსიტეტის თანადამფუძნებელსა და ბიზნესის სკოლის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ტორონჯაძეს!
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართული აკადემიური სივრცისა და თანამედროვე განათლების განვითარების მასშტაბური ისტორია. მან შექმნა და დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც ფუნდამენტური გავლენა იქონია ქვეყანაში ზუსტი მეცნიერებების, ფინანსური მათემატიკისა და ბიზნესის განათლების ფორმირებაზეპროფესორის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში:
- ჩამოაყალიბა და განავითარა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, სტოქასტური ანალიზისა და ფინანსური მათემატიკის მიმართულებები
- ხელმძღვანელობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრას, სადაც შექმნა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სპეცკურსები ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიისა და წარმოებული ფასიანი ქაღალდების მიმართულებით
- ავტორია მრავალი მნიშვნელოვანი სტატიისა, მონოგრაფიისა და სამეცნიერო პროექტისა, რომელთა წარმატებასაც ადასტურებს წლების განმავლობაში მიღებული სოროსის, ევრაზიისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდების გრანტები
- პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და როგორც ბიზნესის სკოლის დეკანმა, შექმნა სივრცე, სადაც ათეულობით თაობას გადასცა ცოდნა სტატისტიკაში, ინვესტიციების თეორიასა და რისკების მართვაში
ბატონი თეიმურაზის შექმნილი სკოლა, აკადემიური ფასეულობები და საქმე, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სამუდამო კვალს დატოვებს უნივერსიტეტის და თითოეული სტუდენტისა თუ კოლეგის ცხოვრებაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აკადემიურ სამყაროს!", - წერია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანი იყო. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში. იგი არის თსუ-ს ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზ- მათ მეცნიერებათა დოქტორი. მას ჰქონდა პედაგოგიური მოღვაწეობისა და კვლევით ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება:
- ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე;
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.
BMG თანაუგრძნობს თეიმურაზ ტორონჯაძის ოჯახს და მეგობრებს.

























