"დინამო თბილისის" დირექტორის, ზაზა დოლიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება უნდა გაიზარდოს, რადგან სფერო თავის თავს ვერ აფინანსებს - ამის შესახებ ზაზა დოლიძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
"დინამო თბილისის" დირექტორმა ფონდის დაფინანსების სტრუქტურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მკაცრად კონტროლდება თითოეული თეთრი, რომელსაც საფეხბურთო კლუბი სახელმწიფოს დაფინანსებიდან დახარჯავს.
"ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს ყველაფერი, ბიუჯეტი წინასწარ არის შეთანხმებული და სტრუქტურა წინასწარ არის გაწერილი. მაგალითად, საბაზისო დაფინანსებიდან 60%-ზე მეტს კლუბი ვერ დახარჯავს ხელფასებში, 10 ლარიც რომ გადააჭარბო, ფონდი თანხის დაბრუნებას ან სხვაგან გადატანას გთხოვს.
ევროპულ კლუბებში სახელფასო ბიუჯეტი დაფინანსების 90%-ზე მეტს შეადგენს, იმდენად მაღალი ხელფასები აქვთ, 60% ცოტაა, თანხა იმდენად დაბალია. ჩვენ დავთვალეთ და ყველა ფიქსირებული ხარჯი, რაც კლუბს აქვს, ფონდის დაფინანსების 40%-ში ეტევა დაახლოებით. თანაც არ მეგულება კლუბი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზეა, საკუთარი რესურსებიც აქვთ. "დინამო თბილისის" შემთხვევაში, ფონდის დაფინანსება არის ჩვენი ბიუჯეტის 20%, დანარჩენი ჩვენი რესურსებით ვიღებთ. ჩემი სურვილია, რომ ფონდის დაფინანსება გაიზარდოს და მეტი იყოს", - განაცხადა ზაზა დოლიძემ.
კითხვაზე, ხომ არ სჯობს, სახელმწიფო დაფინანსებიდან 60%-ის ხელფასებზე დახარჯვის ნაცვლად, რესურსები ინდუსტრიის მოდერნიზებას მოხმარდეს, "დინამო თბილისის" დირექტორი განმარტავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ დაფინანსება გაიზრდება, რადგან აუცილებელია, სახელმწიფომ შესაბამისი ყურადღება დაუთმოს ფეხბურთს.
"იმდენად ცოტა არის რესურსი, ვფიქრობ, [დაფინანსების] პროგრამა უნდა დარჩეს და პირიქით, უნდა გაიზარდოს. იმ თანხის, რაც ამ კლუბებისთვის იყო გამოყოფილი 2016 წელს, მსყიდველობითი უნარი დღეს შემცირებულია უფრო. პანდემიის შემდეგ ის თანხა, რაც იყო 2016 წელს, ბევრად ნაკლებია 2025 წელს. 100 ლარით რაღაცას იყიდდი 2016 წელს, წელს იმას ვეღარ ყიდულობ ამ 100 ლარით. ამიტომ, უნდა დარჩეს ფონდის დაფინანსება და გაიზარდოს კიდეც.
მესმის, რომ ამბობენ, ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რატომ უნდა ფინანსდებოდესო... აბა ხელფასების გარეშე, უფასოდ ვინ იმუშავებს? ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოდელი ასეთია, რომ, სამწუხაროდ, არც ბიზნესია და ჩვენი საფეხბურთო გარემოც არ არის იმ დონეზე მომწიფებული, რომ ფეხბურთმა თავის თავი დააფინანსოს, თვითონ მოიზიდოს რესურსი. როგორც სპორტის ნომერ პირველი სახეობა და ქართველებისთვის უსაყვარლესი სპორტი, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი დააფინანსოს. პირიქით, ეს არის უდიდესი საქმე, რასაც აკეთებს სახელმწიფო და, ამ შემთხვევაში ფონდი, ფეხბურთის განვითარებისთვის", - ამბობს ზაზა დოლიძე.
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" მიერ კლუბების და ფეხბურთის მხარდამჭერი სხვადასხვა პროგრამის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 33 887 900 ლარი დაიხარჯა სხვადასხვა ლიგის 75 გუნდის დაფინანსებაში. მასობრივ, საგანმანათლებლო და სხვა საფეხბურთო პროგრამებში კი - 8 968 865 ლარი.




























