სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის შეფასებით, გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა, ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ბიზნესმენი კომპანიების ფუნქციონირებისთვის, ევროპულ ღირებულებებს უალტერნატივოდ მიიჩნევს და წერს, რომ სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ ხალხისთვის მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
„ჩემთვის, როგორც ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც 35 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ევროპა და ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო და იქნება უალტერნატივო არჩევანი. შესაბამისად, კარგად მესმის მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რაც დროთა განმავლობაში მოიპოვა საქართველომ.
მიმაჩნია, რომ ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ხალხისთვის.
იმ შემთხვევაში თუ უფრო ინფორმირებული გახდება საზოგადოება, თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში და გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება.
გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, - წერს „ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი.
საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს. 26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა.
სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.