სვანეთში 10 მილიონიანი ინვესტიცია შესაძლოა ჩავარდეს. სოფელ იელში ოქროს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ოფიციალური მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა სვანეთში ვეღარ ადიან. ამერიკელი ინვესტორის ინფორმაციით, ადგილობრივებმა ისინი სვანეთიდან გამოაგდეს და მოკვლითაც ემუქრებიან. მოსახლეობის ერთი ნაწილის პრეტენზია კომპანიის მხრიდან შხამ-ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომაც შეისწავლა, თუმცა როგორც უწყების მთავარი ინსპექტორი ჩვენთან საუბარში განმარტავს, სამინისტროს მხრიდან რიგი დარღვევები გამოვლინდა, მაგრამ კომპანიის მხრიდან ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა.
"გასულ წელს შემოვიდა შეტყობინება მოსახლეობიდან, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც არის სალიცენზიო ფართობი, ხდებოდა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გადამუშავების პროცესში. ჩვენ განვახორციელეთ ინსპექტირება. დადგინდა, რომ იქ კომპანია ახორციელებდა შესწავლით სამუშაოებს. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვლინდა დარღვევები. კერძოდ, იყო ფიქლები უკანონოდ მოპოვებული. ნიადაგის ნაყოფიერი ფენა იყო არასწორად დასაწყობებული და ნარჩენებით იყო ტერიტორია დაბინძურებული, თუმცა ქიმური ნივთიერების გამოყენების კვალი არ დადასტურდა. გამოვლენილი დარღვევების გამო კომპანია დაჯარიმდა", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან "ოპტიკალ სისტემზე" ლიცენზია გაცემულია 2005 წელს, 17 წლის ვადით. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამერიკელი ინვესტორისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი არ განიხილება და მიზეზებით, რის გამოც ინვესტორი ოქროს ძიება-მოპოვებით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს, საგამოძიებო სტრუქტუტურები უნდა დაინტერესდეს.
"მათ წარმოადგინეს მარაგების ანგარიში და დაუმტკიცდათ მარაგები და კომპანიას შეუძლიათ მოიპოვოს ქვიშრობები. ამ ეტაპზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენში ლიცენზიის გაუქმების თობაზე საქმის წარმოება დაწყებული არ არის. ამ კომპანიას შეუძლია ლიცენზიით სარგებლობა", - განმარტა ნელი კორკოტაძემ.
სვანეთში 10 მილიონიანი ინვესტიცია შესაძლოა ჩავარდეს

























