"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთინებით 1 მილიონი ლარი დაიზოგა“-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, 2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს საკადრო ანაზღაურება 18,2 მილიონ ლარს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურება 22 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ჯამში 40,2 მლნ ლარი იყო. 2018 წელს კი აღნიშნული სამინისტროების საკადრო ანაზღაურება 43,4 მილიონ ლარს შეადგენს. დეპუტატის თქმით, რეალურად ხარჯების დაზოგვა არ მომხდარა და პირიქით შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით მეტი იხარჯება სამინისტროების შერწყმის შემდეგ.
ამაზე საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრი, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ზრდა ფიქსირდება იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტის განხიოლვის დროს არ იყო ცნობილი, რა ოპტიმიზაციასთან ექნებოდათ საქმე.
„გარემოს დაცვის ნაწილში დიდი იყო მოთხოვნა როგორც ადამიანური რესურსის რაოდენობის ზრდაზე, ასევე ხელფასების მატებაზე. ეს შეეხებოდა დაცულ ტერიტორიებს, სატყეო სააგენტოს და გარემოს ზედამხედველობის სამსახურს. სამივე დაწესებულებაში გაიზარდა როგორც თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურება. სწორედ ამის ხარჯზე იყო, რომ ხელფასების ნაწილი 2018 წელს დაიგეგმა უფრო მეტი, ვიდრე 2017 წელს“-განმარტა კაკაურიძემ.
რაც შეეხება ოპტიმიზაციის შედეგებს, როგორც კაკაურიძე ამბობს, თანხების დაზოგვა ძირითადად მოხდა ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც სამინისტროს აპარატია. ჯამში დაზოგილმა თანხამ კი 1 მილიონი ლარი შეადგინა.
„რაც ახალი საშტატო დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაერთიანებულ ორ სამინისტროსთან მიმართებით დაახლოებით 1 მლნ ლარის ეკონომია მივიღეთ შრომის ანაზღაურების ნაწილში,რომელიც წლის განმავლობაში შეთანხმეული იყო. აქედან დაცულ ტერიტორიებს დაემატება თანხა , მათ შორის ტყის ღონისძიებებს დამეატება. 1 მილიონის გამოთავისუფლება არ არის ცოტა. შემცირდა ადმინისტრაციული ნაწილი,რაც გადავა პილიტიკის განხორციელების ნაწილში“-აცახდებს გიორგი კაკაურიძე.