მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ შეაჩერა

ამბასადორი ბათუმი აილენდი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა მესამედ შეჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო და შპს "ამბასადორი ბათუმი აილენდსს“ 2 აგვისტოთი დათარიღებული წერილით აცნობა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ მიზეზი შპს „ტერმინალი 1“-ის წერილია. აღნიშნული კომპანია ბათუმში ნავთობტერმინალს ამუშავებს და არსებული პროექტით ხელოვნური კუნძულის მშენებლობის წინააღმდეგია.

„შპს „ტერმინალ 1-ს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი წერილი, რომელსაც თან ახლავს კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს „ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის წერილში.

საგულისხმოა, რომ ამჯერად პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო და განსაზღვრული არაა მაქსიმალური ვადა, თუ როდის მოხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება.

„ზემოაღნიშნულ წერილებში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“,- ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების გეგმა მიმდინარე წლის აპრილშიც დაახარვეზა და კომპანიას კონკრეტული შენიშვნების გამოსასწორებლად 2-თვიანი ვადა მისცა. სწორედ აღნიშნულის საპასუხოდ წარადგინა კომპანიამ დამატებითი დოკუმენტაცია, თუმცა პროცესი კვლავ შეჩერდა. პირველად კი „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა გასული წლის 15 ივნისს შეჩერდა.

ცნობისთვის, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა, მთავრობა აცხადებს, რომ მისი აქტიური მხარდამჭერია. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს.

საკითხზე bm.ge შპს "ამბასადორი ბათუმი აილენდ"-თან დაკავშირებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები