გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა ახალი პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში’’, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ - დაწყებით საფეხურზე. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში”, რომელიც ცენტრის მიერ დაწყებული გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშემწყობი პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს და მოიცავს ორივე სფეროსათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა სკოლისათვის, შესაბამისად გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება თანაბრად შესაძლებელი იქნება როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საქართველოს ყველა სოფელში.