გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც უწყება იტყობინება, 11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, ამასთან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.