მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტი დაახარვეზა

გზა ავტობანი მაგისტრალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მესამე ლოტის პროექტი, რომელიც ავჭალიდან-აეროპორტამდე ახალი 22.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. ეს ამ გზის ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მონაკვეთია, რომლის მშენებლობაც 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გზის ამ მონაკვეთმა თითქმის იმავე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, რომელზეც თბილისის შემოვლითი რკინიგზა გადის, რომლის მშენებლობაც 2013 წლიდან შეჩერებულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით წარმოდგენილი გზშ დოკუმენტები მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავენ და ისინი დაზუსტებას საჭიროებენ. უფრო კონკრეტულად:

"ელექტრონული Shp ფაილის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საპროექტო სანაყაროსთვის/სანაყაროებისთვის განკუთვნილი ტერიტორია განსხვავდება წარმოდგენილი საკადასტრო კოდის (01.72.13.371.021) ტერიტორიისგან, რაც ასევე არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში (ტომი 1) გვ. 90-ზე წარმოდგენილ სანაყაროს ტერიტორიის სქემატური ნახაზს. გარდა ამისა, Shp ფაილზე წარმოდგენილი საპროექტო სანაყაროსთვის/სანაყაროებისთვის განკუთვნილი ტერიტორია (01.72.13.371.021) ზედდებაშია საპროექტო ე.წ. „ციხის გვირაბის“, მათ შორის, ხიდის და გზის გარკვეულ მონაკვეთებთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხი დაზუსტებას და კორექტირებას საჭიროებს;

დაზუსტებას საჭიროებს გზშ-ის ანგარიშში მდ. მტკვრის მაქსიმალური ხარჯის გაანგარიშებისას გამოყენებული განაწილების ფუნქციების შესახებ ინფორმაცია და მათზე უპირატესობის მინიჭება, ვინაიდან მდინარის მაქსიმალური ხარჯის გაანგარიშებისას განაწილების ფუნქციის შერჩევა დამოკიდებულია ვარიაციის და ასიმეტრიის კოეფიციენტების მნიშვნელობაზე, მათი გაანგარიშების მეთოდებზე, რაც გზშ-ის ანგარიშში არ არის მოცემული. ასევე, დაზუსტებას საჭიროებს გზშ-ს ანგარიშის დანართების ტომი 4-ში მოცემული „რაციონალური ფორმულის“ მნიშვნელობა/განსაზღვრება და ამავე დანართის მე-17 გვერდზე მოცემული ინფორმაცია ფორმულის გამოუყენებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე დასაზუსტებელია, რის საფუძველზე მტკიცდება რომ 1,5 კმ2 -ზე მეტი ფართობის შემთხვევაში გამოიყენება როსტომოვის, ხოლო 1,5 კმ2 -ზე ნაკლები ფართობის შემთხვევაში რაციონალური ფორმულა;

დაზუსტებას საჭიროებს გვირაბებიდან გამოსული ნაჟური წყლებისთვის განკუთვნილი სალექარებიდან გამომავალი წყლების მართვის შესახებ ინფორმაცია. მათ შორის, დასაზუსტებელია საკითხი მათი საბოლოო წერტილში ჩადინების შესახებ, შესაბამისი GPS კოორდინატების მითითებით;

გზშ-ს ანგარიშის I ტომში მეწყრულ უბნებსა და ღვარცოფულ წყალსადინარებს შორის მითითებულია ისეთებიც, რომელთაც საპროექტო ტერიტორიასთან კავშირი საერთოდ არ აქვთ;

ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური საერთო ანგარიშის შედეგებში მოცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია „6 წყალმიმღები მე-5 ლოტის ღერძის გასწვრივ“ აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას. ვინაიდან პროექტი ეხება ლოტი 3-ს, გაუგებარია მე-5 ლოტის ღერძის მოხსენიება. ასევე, დასაზუსტებელია 22-ე გვერდსა და გვ. 19-ზე (არასახელმწიფო ენაზე) მოცემული სქემები;

ჰიდროლოგიურ და ჰიდრავლიკურ საერთო ანგარიშში (გზშ-ის ანგარიში, დანართების ტომი 4) აღნიშნულია, რომ მტკვრის ძირითადი შენაკადები, რომლებიც კვეთს გზის ღერძს, არის გლდანისხევი, ალისხევი და მდინარე ლოჭინი. თუმცა, გზშ-ის ანგარიშში არ არის ნახსენები და მოცემული ინფორმაცია მდინარე ალისხევის შესახებ, რაც დაზუსტებას საჭიროებს;

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია კვეთს ავჭალის კვარციანი ქვიშაქვის საბადოს და წიაღით სარგებლობის (გაჯი) N1001738 ლიცენზიის (შპს „დემარკ“) კონტურებს. ასევე, საპროექტო არეალი კვეთს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების N349 ლიცენზიის (შპს „ჯმქ 777“) სანიტარიული დაცვის პირველი მკაცრი რეჟიმის ზონას, რომელიც უნდა გადიოდეს გამოსავლიდან არანაკლებ 15 მეტრში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ,,წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე,"- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში.

დეპარტამენტს მითითებული შენიშვნების აღმოფხვრისთვის 2-თვიანი ვადა მიეცა.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი:

პროექტი 4 ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ პროცედურები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გზის მეორე ლოტი - ავჭალა წიწამურის გზის მონაკვეთი დაახარვეზა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო გარემოება, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საკადასტრო კოდი, სადაც გვირაბების გაყვანით მთიდან გამოტანილი 434,935 მეტრ კუბი მიწა უნდა განთავსდეს არ იძებნება. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა ორთვიანი ვადა რომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები გასწორდეს.

შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.

მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.

საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

  • გზის სიგრძე - 51 კმ;
  • საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
  • სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
  • თითოეული სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები