მას შემდეგ, რაც მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ადგილზე გადაიყვანეს, მათი გაყიდვები თითქმის განახევრდა.
როგორც ერთ-ერთი გარემოვაჭრე გოგიტა ავსაჯანიშვილი bm.ge-თან აცხადებს, მათ დაახლოებით 10 მეტრი აშორებთ იმ ადგილს, სადაც წინათ ახორციელებდნენ ვაჭრობას. ტაძრიდან მოშორებით გადასვლის შემდეგ კი მათთან ტურისტები აღარ ჩადიან, რის გამოც გაყიდვები თითქმის ყველა მოვაჭრეს გაუნახევრდა.
"გიდები გვიფუჭებენ საქმეს. მათ ჩვენამდე არ ჩამოჰყავთ ტურისტები, რადგან სხვებთან არიან შეთანხმებულები და იქ მიჰყავთ", - აცხადებს ავსაჯანიშვილი.
ამ დროისთვის მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე გარემოვაჭრეა. მათ მონასტრის ტერიტორიაზე მცხეთის მერიამ ახალი დახლები გადასცა.
მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემა მოგვარებულია და გარემოვაჭრეები ახალ ლოკაციაზე აგრძელებენ საქმიანობას.

























