საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, რომ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.