„ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი გიორგი მელანაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კარტელურ გარიგებებს ადგილი არ აქვს. მან ამის შესახებ „ფასების კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, კარტელურ გარიგებებზე პარლამენტის წევრ ქეთევან ბაკარაძის კითხვის საპასუხოდ, გიორგი მელანაშვილი ამბობს, რომ თუ არის ერთნაირი ფასები, ეს შეიძლება დამთხვევა იყო.
საუბარია კონკურენციის სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის დროს კარტელური გარიგების გამო 2023 წელს დაკისრებულ ჯარიმაზე. ავერსი, გეფა [ჯიპისი ფარმადეპო] პსპ და მერმისი ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, რაც ოთხივე მათგანმა გაასაჩივრა.
"კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ იყო არც საფუძვლიანი და არც სამართლიანი, არის სასამართლოში და ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს და სასამართლოში გავცემთ პასუხს. კი ბატონო, უარვყოთ, რაც არ ყოფილა რანაირად უნდა დავადასტურო. 600 მედიკამენტი იყო ონკოლოგიურ ბაზარზე და გვედავებიან 37-ზე შეთანხმდითო და თუ შეთანხმება გვინდოდა, დანარჩენზე არ შევთანხმდებოდით?! თან ყველაზე ნაკლები ბრუნვა ჰქონდა ამ 37 დასახელებას და გარიგებას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში, იქ სადაც მეტი ფასდაკლების საშუალება აღარ გვაქვს, შეიძლება იყოს ერთნაირი ფასი. სხვა შემთხვევაში არ არსებობს ერთნაირი ფასები, თუ არსებობს, შეიძლება დამთხვევა იყოს", - ამბობს გიორგი მელანაშვილი.
პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებით კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს, 11 - 16 მარტს კი სხდომაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ "ქეშბექს" ხშირ შემთხვევაში დისტრიბუტორები სთავაზობენ, კონკურენტების ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ, ქსელები კი ქეშბექებს ფასდაკლებისთვის იყენებენ.
30 აპრილს კომისიამ ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინა.




























