მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

საფეხბურთო აგენტების შემოსავლები

2022-2023 წლებში ექვსმა საფეხბურთო კლუბმა „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამის შედეგად წარმოშობილმა დებიტორულმა დავალიანებამ 610 130 ლარი შეადგინა.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული დავალიანებიდან არამიზნობრივად (რაც დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯს გულისხმობს) გახარჯულმა თანხამ 266 676 ლარი შეადგინა. კლუბებს სხვადასხვა დაფინანსების ფარგლებში ფონდისგან მიღებული ჰქონდათ სულ 1 600 360 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი დარღვევები კონკრეტული კლუბების მიხედვით:

  • შპს „შუქურა“ (ქობულეთი): Crystalbet ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბთან 2023 წელს გაფორმდა 9 ხელშეკრულება (ღირებულებით — 771 900 ლარი), საიდანაც ჩაერიცხა 655 900 ლარი. კლუბმა 4 თვის განმავლობაში ფონდს ანგარიში არ წარუდგინა, ხოლო წარდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, 6 ხელშეკრულების ფარგლებში არამიზნობრივად გახარჯულმა თანხამ 112 174 ლარი შეადგინა. ფინანსური კრიზისისა და დავალიანებების გამო ფედერაციამ კლუბს ტურნირებში მონაწილეობა შეუზღუდა, რის შემდეგაც „შუქურამ“ საქმიანობა შეაჩერა.
  • „თბილისი სითი“: ეროვნულ ლიგა 3-ის კლუბთან 2022 წელს გაფორმდა 3 ხელშეკრულება (350 000 ლარზე), მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის დაფინანსებიდან ბიუჯეტში დასაბრუნებელი ჰქონდა 16 879 ლარი. კლუბმა დოკუმენტების წარდგენა დააგვიანა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ 76 555 ლარი გადატანილი იყო სალაროში და ხარჯვა ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდა. საბოლოოდ, არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 83 656 ლარი, ხოლო მთლიანმა დებიტორულმა დავალიანებამ — 350 000 ლარი.
  • „შევარდენი-1906“: Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ის კლუბთან 2022 წელს გაფორმდა 4 ხელშეკრულება (760 900 ლარზე) და ჩაერიცხა 440 900 ლარი. აქედან პირველი ხელშეკრულებით არამიზნობრივად დაიხარჯა 16 189 ლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულების 40 000 ლარი ხაზინამ კლუბის სხვა დავალიანების (ინკასოს) დასაფარად ჩამოაჭრა. 2022 წლის მაისში, სხვა კლუბთან გარიგებული თამაშის გამო, ფედერაციამ „შევარდენი 1906“ გათამაშებიდან მოხსნა და დაფინანსება შეუჩერდა.
  • „იბერია სკიბსი“: ეროვნულ ლიგა 4-ის კლუბთან გაფორმდა 3 ხელშეკრულება (173 760 ლარზე) და ჩაერიცხა 77 760 ლარი. კლუბმა მიღებული თანხიდან 17 650 ლარი სალაროში გადაიტანა. ფონდის მოთხოვნით კლუბმა თანხა უკან დააბრუნა, თუმცა მომდევნო ტრანშის ჩარიცხვის დღესვე დაბრუნებული 17 650 ლარი და ახალი ტრანშის ნაწილი (23 000 ლარი) კვლავ ნაღდი სახით გაიტანა სალაროში. კლუბის არამიზნობრივმა ხარჯმა 40 650 ლარი შეადგინა, ხოლო ფინანსური კრიზისის გამო ასპარეზობა შეწყვიტა.
  • „გორდა“: რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ჩაერიცხა 38 000 ლარი. ანგარიშების მიხედვით, კლუბის არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 1 607 ლარი. 2 ხელშეკრულების ფარგლებში კლუბის მიერ სულ არამიზნობრივად გახარჯულმა თანხამ კი 6 607 ლარს მიაღწია. თანხის უკან არდაბრუნების გამო კლუბს დაფინანსება შეუწყდა.
  • „ფენიქსი“: ლიგა 2-ში მოასპარეზე ქალთა საფეხბურთო კლუბთან გაფორმდა 20 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს 2 400 ლარი უკვე არამიზნობრივად ჰქონდა გახარჯული, ფონდმა მაინც ჩაურიცხა მომდევნო ტრანში (5 000 ლარი), რაზეც კლუბს ხარჯვის დოკუმენტები აღარ წარუდგენია. კლუბის არამიზნობრივმა ხარჯმა სულ 7 400 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების ან მისი ცალმხრივად შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია, რომ შეფასდეს კლუბების მხრიდან პირობების შეუსრულებლობის რისკები, დაინერგოს კონტროლის მექანიზმები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები არამიზნობრივად გახარჯული თანხების უკან დასაბრუნებლად.

„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტი 2026 წელს გამოქვეყნდა. ფონდის ასიგნება 2022 წელს 37 417 800 ლარს, ხოლო 2023 წელს 40 418 000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები