მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარკვეულ კერძებზე ფასების 10%-მდე კორექცია მოგვიწევს - რესტორანი "სადგური"

სადგური

თბილისთან ახლოს, გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში მდებარე რესტორანში „სადგური“ 2026 წლიდან გარკვეულ კერძებზე ფასების კორექციას გეგმავენ. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში ობიექტის დამფუძნებელმა, რუსუდან ბარათაშვილმა განაცხადა, ეს მომწოდებლების მხრიდან ფასების ზრდამ, ამასთან იმ გაძვირებულმა პროდუქტებმა განაპირობა, რომელსაც ბიზნესის წარმოებისას მოიხმარენ.

„ცოტათი მოგვიწევს ფასების დაკორექტირება, გარკვეულ კერძებზე. გაძვირება დაახლოებით 10%-მდე იქნება და ისიც ყველა კერძს არ შეეხება. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ თვითონ მომწოდებლები აძვირებენ პროდუქტებს და შესაბამისად, ჩვენც გვიწევს რეაგირება“, – აცხადებს ბარათაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პარალელურად „სადგური“ ინფრასტრუქტურულად ფართოვდება. მიმდინარეობს ეზოს გადიდება, რომელიც მაისისთვის დასრულდება, ასევე მოეწყო დამატებითი საპარკინგე სივრცე.

„ეზოს ვაფართოებთ და მალე დასრულდება. გაფართოებულ ეზოს პარკინგისთვის გამოვიყენებთ, რადგან აქამდე ავტომობილები მთელ სოფელში იყო გაჩერებული, რაც ადგილობრივებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. ამიტომ, დამატებითი მიწა შევიძინეთ და ეს საკითხიც მოვაგვარეთ“, – ამბობს ის.

ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ობიექტში აქტიურად ვითარდება ღონისძიებების მიმართულებაც. უკვე გაიმართა კარნავალი, დაგეგმილია გერმანული აღდგომის ღონისძიებები და სხვადასხვა ფესტივალი. მისივე თქმით, სეზონი „სადგურისთვის“ აპრილიდან იწყება, თუმცა მიმდინარე წლის მარტიც აქტიური იყო, მათ შორის 8 მარტის პერიოდმა მოთხოვნის დაახლოებით 20%-იანი ზრდა უზრუნველყო. ბარათაშვილის ინფორმაციით, სტუმრების ძირითადი ნაწილი კვლავ ადგილობრივი ბაზრიდან მოდის, ამასთან მათ ობიექტს სტუმრობენ ევროპელი სტუმრებიც, თუმცა მათი წილი 10%-ს შეადგენს.

„ჩვენი სტუმრების დაახლოებით 80-90% საქართველოს მოსახლეობაა, მათ შორის სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. უცხოელებიდან ძირითადად ევროპელი ვიზიტორები გვყავს, აზიური ბაზარი კი ნაკლებად არის დაინტერესებული“, – აცხადებს ბარათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები