მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული გადასახადები შეიძლება მოსაწონი არაა, თუმცა მთავრობასთან ვიმუშავებთ – ინვესტორი

619a02ba53ad2
დავით ჯალაღონია
21.11.21 15:20
1414
"გადახდისუუნარობის კანონი", შრომის კოდექსი – ეს არის რეგულაციები, რომელთა განხილვა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაანონსებული $50-მილიონიანი ვენჩურული ფონდის ინვესტორს, Catapult VC-ის დამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს ჯონათან თაუერს სურს.

მან BMG–ს გადაცემა The Checkpoints-თან ინტერვიუში საქართველოში არსებულ საგადასახადო და ბიზნეს გარემოზე, სტარტაპების განვითარების ჭრილში ისაუბრა.

"საგადასახადო სისტემა საკმაოდ მოქნილია. სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება დაინერგოს, რომ გარემო უფრო მეტად სტარტაპების განვითარებაზე ორიენტირებული გახდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. თუმცა ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვდებთ ინვესტიციას, ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვის დიდი შეშფოთების საგანი არ არის - სტარტაპების უმეტესობას, სადაც ინვესტიციებს ვდებთ, დიდი შემოსავალი არ აქვთ, ამდენად შესაძლებლობა გვაქვს საქართველოს მსგავს ბაზრებში ჩავდოთ ინვესტიციები, სადაც გარკვეული გადასახადები ჩვენთვის განსაკუთრებით მოსაწონი შეიძლება არ არის, თუმცა მთავრობასთან დროთა განმავლობაში ვიმუშავებთ და რეგულაციებთან დაკავშირებით ყველა საკითხს განვიხილავთ, მაგალითად ისეთს, როგორიც არის გადახდისუუნარობის კანონი, შრომის კანონი. ინვესტორი გარემოს ადარებს ევროპას და ამერიკას და შესაბამისად, მას არ სურს სიურპრიზები დახვდეს. დრო სჭირდება იმას, რომ მთავრობასთან ვიმუშაოთ და მივიღოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიზიდავს ინვესტორებს", – განაცხადა ინვესტორმა.

შეგახსენებთ, რომ Catapult Georgia One ამერიკული ვენჩურული ფონდის დახმარებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) ერთად შეიქმნა. ამ ქართულ–ამერიკულ ფონდში $5 მილიონის ინვესტირება სწორედ GITA–ს ფინანსებიდან იგეგმება, $15-20 მლნ ამერიკული ფონდის წვლილი იქნება, დანარჩენი თანხის მობილიზებას კი ფონდის მესვეურები სხვა ქართული, ადგილობრივი კომპანიებისგან ელიან.

Catapult ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები