"კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური, არამედ მაკორეკონომიკური კუთხით - გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ 688 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.
იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მლრდ 266 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა.




























