ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ სახელმწიფოსა და APM Terminals-ს შორის ფოთის პორტის გაფართოებაზე შეთანხმება განხორციელების ეტაპზე გადავიდეს, გარკვეული საკითხებია შესათანხმებელი. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფოსა და ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-ის პარტნიორობაში სიახლეების შესახებ BMG-ის დასმულ კითხვას.
ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება გასულ წელს არ გაფორმებულმა.
"რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ბევრი დეტალი იყო გავლილი. არის საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც შეთანხმდა. არის გარკვეული საკითხები რომელიც უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ ესეც გადავიდეს განხორციელების ეტაპზე", - უპასუხა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერი 2024 წლის იანვარში დავოსის სამიტზე კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.