მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარკვეული შენიშვნები გვაქვს, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოასწოროს" - მინისტრი საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალზე

Gocay Insaat Taahhut ve Ticaret

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ კომპანიასთან, რომელიც უმოკლეს ვადაში უნდა გამოსწორდეს.

"დღეს, კიდევ ერთხელ, ადგილზე გავეცანით საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს. კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ხარისხთან მიმართებით ვიქნებით შეურიგებლები. ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოასწოროს. შესაბამისი მითითებები უკვე მიცემულია. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს” - განაცხადა სოხაძემ.

ცნობისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276.8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი ასრულებს. მისი დასრულება წელს იგეგმება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს. პარალელურად, მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რათა ახალი მაგისტრალი მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირდეს მიმდებარე გზებს.

როგორც უწყება იტყობინება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე ინტენსიურად გრძელდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

"ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი დასახლებების განტვირთვა იქნება — მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს: თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად შემცირდება სატრანსპორტო ნაკადი სოფლების შიგნით, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედება.

მაგისტრალური გზის ამოქმედების შემდეგ, გადაადგილების მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება, მგზავრობის დრო კი თითქმის განახევრდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის სატრანსპორტო კვანძის მიმდებარედ ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობა. თანამედროვე, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო შექმნის შესაბამის პირობებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის და გაზრდის მათი საქმიანობის შესაძლებლობებს.

ახალი კომერციული სივრცე იქნება მარტივად ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალით მოსარგებლეებისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესრელიზში.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მაგისტრალის გაგრძელებაზე, რომელიც კახეთის მეოთხე და მეხუთე ლოტებს მოიცავს. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები