მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკის გამო, ზოგიერთი გადამზიდავი რუსეთის დერეფანს უბრუნდება - ირაკლი ნემსაძე

ასოციაციები

ტვირთმფლობელებმა, რომლებიც ადრე, რუსეთის დერეფანს სანქციების ან ეთიკური მოსაზრებების გამო თავს არიდებდნენ, ახლა ფინანსური წნეხის გამო, რუსეთის სახმელეთო ალტერნატივის გამოყენება დაიწყეს - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე საუბრობს.

მისი თქმით, ზოგიერთი გადამზიდავის რუსეთის დერეფანში დაბრუნების მიზეზი გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკაა.

„ფინანსური კომპონენტი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ბიზნესი ეძებს გადარჩენის გზებს. ზოგიერთმა უკვე დაიწყო კიდევაც სარგებლობა რუსეთის სახმელეთო ტრანზიტით. როდესაც საზღვაო მიმართულება დალაგდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ის ფაქტობრივად, უალტერნატივოა და ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთებს გადაიბარებს. ჩვენი მიზანია, ის ნიშნული მაინც შევინარჩუნოთ, რაც ქართული ავტოპარკისათვის საკმარისი იქნება“, - ამბობს ირაკლი ნემსაძე.

მისი თქმით, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი, ჯერჯერობით, უალტერნატივოა და ეს პერიოდი ქვეყანამ იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ სხვა ალტერნატივების გაჩენის შემდეგ, არსებული ტვირთები ჩვენს დერეფანში, მისაღები პირობებით დარჩეს და სხვა ალტერნატივებზე არ გადაერთოს.

„ჩვენი სამუშაო არის ჩვენი ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გზებისა და მაგისტრალების გამტარუნარიანობის გაზრდას, არამედ პორტების, ტერმინალების, სასაწყობო მეურნეობის განვითარებას, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოში მულტიმოდალური გადაზიდვები, ტვირთების სწრაფად, იაფად და ეფექტიანად დამუშავება, რათა ჩვენი პოტენციური დამკვეთებისთვის მისაღები პირობები გვქონდეს.

ომის დაწყების შემდეგ, იმ პანიკურ პერიოდში მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და ჩვენი სატრანზიტო დერეფნით სარგებლობდნენ, თუმცა უკვე დაიწყეს ალტერნატივების ძებნა. მოგეხსენებათ, ხშირად მუსირებს ზანგეზურის დერეფნის თემა, რომელსაც, რაღაც დრო დასჭირდება. ასევე, უკვე არიან დამკვეთები, რომლებიც განიხილავენ რუსეთის ტერიტორიის სახმელეთო ტრანზიტად გამოყენების შემთხვევასაც, იმდენად გაუძვირდათ და გაუუარესდათ გადაზიდვები, რომ ეძებენ ალტერნატივებს. და ეს ყველაფერი ჯამში, გვაძლევს მოცემულობას, რომ თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედეთ - რაც გულისხმობს იმას, რომ ტვირთის გადაზიდვის დამკვეთებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ - შეიძლება, დროთა განმავლობაში, თანდათან დავკარგოთ ეს ტვირთები“, - განმარტავს ირაკლი ნემსაძე.

საქართველოს დერეფანში ტრაილერების მიერ გადახდილი თანხა 9 მილიონით შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 11 თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან 155.4 მლნ ლარი შევიდა, 5.5%-ით ნაკლები ვიდრე შარშან. ამასთან, წელს ნოემბერში საქართველოს დერეფანი 38 875 ტრაილერმა გამოიყენა, საიდანაც, გადასახადის სახით ბიუჯეტში 13.6 მლნ ლარი შევიდა. მთლიანობაში წელს საქართველოს გზები ტვირითის გაედასატანად 444 071 სატვირთომ გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები