„საქართველოს ბანკისა“ და Lion Finance Group-ის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ჯგუფის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და მიზნად სერვისების მაქსიმალურ გამარტივებას ისახავს.
„საქმიან დილასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ბანკში მომხმარებელთა ინტერაქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ავტომატიზებულია - ჩეტბოტი მომხმარებელთა გასაუბრებების დაახლოებით 65%-ს სრულად ამუშავებს. ამავდროულად, ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება მომსახურების ხარისხი: მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი აღნიშნულ არხში 93%-ს აღწევს.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური განვითარება მუდმივ პროცესს წარმოადგენს, სადაც ციფრული სერვისები უკვე საბაზისო მოთხოვნად იქცა, ხოლო ახალი ეტაპი ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის ფართო დანერგვას უკავშირდება.
“მთავარი არის ის ფილოსოფია, რა ფილოსოფიითაც ვუდგებით ჩვენს საქმიანობას, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტაცია და მუდმივი გაუმჯობესება. ახლა ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება. თუ სიტყვაზე 10-15 წლის წინ ციფრული შეთავაზებები იყო რაღაცა განვითარების პიკი, დღეს ციფრული შეთავაზების გარეშე და კარგი ციფრული შეთავაზების გარეშე ფაქტობრივად, ვერ იარსებებ. მაგრამ დღეს უკვე შემოდის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც არის ავტომატიზაცია და AI-ს ტექნოლოგიების დანერგვა, მაგალითად, ჩეთბოტში ხო? ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ ამას, ანუ ჩეთბოტთან ყველა გასაუბრების 65%-ს სრულად მანქანა აგვარებს. წარმოიდგინეთ ეს საუბრებია ორმხრივი და თან ძალიან ვაქცევთ ყურადღებას, რომ კლიენტების კმაყოფილება ამ ინტერაქციით არ ჩამოვარდეს და 93%-ზეა დღეს”- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
ის ამბობს, რომ ბანკის ბექ ოფისი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა პროცესის ავტომატიზებაზე, რათა მომხმარებელს დროის დაზოგვაში და შესაბამისად კმაყოფილების ზრდაში შეუწყონ ხელი. ამის ერთ-ერთ უკანასკნელ მაგალითად ის ინვოისების სკანირების ავტომატიზებულ სისტემას ასახელებს, რომელიც სკანირების შემდეგ თავად ავსებს შესაბამის ველს გადარიცხვებისთვის.
“დღეს უკვე გავაკეთეთ ის, რომ მარტივად, ტელეფონის აპლიკაციის სკანირებით შეიყვანო ინვოისი და თვითონ მანქანა ხვდება სად არის მისამართი, და ანგარიში, თვითონ ავსებს ყველა ველს. შენ უბრალოდ თვალი უნდა გადაავლო. ხომ მარტივია? სწორედ ასეთი მიდგომით ვცდილობთ, რომ მომხმარებელს რამდენიმე წუთი - 5 წუთი თუ 10 წუთი დავუზოგოთ,”- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, მსგავსი ეფექტიანი ინოვაციები მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს თანამშრომლების ჩართულობაზე, რათა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესების გაუმჯობესების იდეები თავად გუნდიდან მოდიოდეს.




























