მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს" დროებით მინისტრის მოადგილე - ლაშა ავალიანი უხელმძღვანელებს

ლაშა ავალიანი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ იწყებს.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ სააგენტო შეიქმნა ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე, გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებისა და განხორციელების მიზნით.

"გასტრონომიის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს, გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებას და წაახალისებს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, განსაკუთრებით კი აგრო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამასთან, გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის ხარისხის, ავთენტიკურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებელთა ნდობის ზრდას", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა. ქვეუწყების დებულება კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.

სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

სააგენტოში შეიქმნება 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური, კერძოდ:

ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;

ბ) გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი;

გ) გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;

დ) გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;

თ) გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

ამასთან, დებულების თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა, დოკუმენტირება, სისტემატიზაცია, ციფრული აღრიცხვა და პოპულარიზაცია, მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, დამზადების მეთოდების, გასტრონომიული პრაქტიკისა და გასტრონომიული რეესტრის შექმნის გზით;

ბ) ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ტრადიციული გასტრონომიული წეს-ჩვეულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა, პრიორიტეტული პროდუქტების შერჩევის, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების ხელშეწყობის, მწარმოებელთა ჯგუფებთან მუშაობის და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის გზით;

დ) ხარისხის სქემებთან, ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება, მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერა და პროდუქტების კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორცილებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ე) გასტრონომიის განვითარების მიზნით ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციის, ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების და ბაზარზე წარდგენის მექანიზმების შემუშავება;

ვ) გასტრონომიის სფეროს საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) გასტრონომიის სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) გასტრონომიული პოტენციალის, ტრადიციული და ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების ცნობადობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, დეგუსტაციების, ბაზრობებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

რაც შეეხება სააგენტოს დაფინანსების წყაროებს, დებულებას თანახმად, ესენია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები