მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გასტრონომიულ სფეროში მთავარი გამოწვევა სტაბილურობაა“ – „ბარბარესთან“

ქურასბედიანი

რესტორნების "ბარბარესთან“ და „ქართული სახლის“ მენეჯერის ანდრია ქურასბედიანის თქმით, სექტორში მთავარი გამოწვევა არასტაბილური გარემოა.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მუდმივად მზარდი ფასებისა და ლოგისტიკური სირთულეების გარდა, მთავარ პრობლემას კადრების, მით უფრო კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს.

„ფასების ზრდა, ინფლაცია და კომუნალური ხარჯების ზრდა შეუქცევადი პროცესია. ჩვენც დროდადრო, წელიწადში ორჯერ, ფასის კორექტირება გვიწევს. თუმცა ეს არ არის მოგების მიზნით, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი განვაგრძოთ, გუნდი შევინარჩუნოთ და ხარისხი მომხმარებელზე შევინარჩუნოთ.

მთავარი გამოწვევა გასტრონომიულ სფეროში სტაბილურობაა. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფინანსური ან ლოგისტიკური თვალსაზრისით, არამედ კადრების მიმართულებითაც. ქალაქში ყოველდღიურად იხსნება ბევრი ახალი რესტორანი, ზოგი ექვს თვეში, ზოგი 10–12 თვეში იხურება, თუმცა ეს დინამიკა მუდმივად ახალ ტენდენციებს და კონკურენციას წარმოშობს. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მონდომებული ახალგაზრდების ჩართვა. საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეალურად ისინი იმ სფეროს განვითარებას ეხმარებიან, რომელიც ქვეყნისთვისაც ღირებულია. მოგეხსენებათ, საქართველოს უნიკალური გასტრონომია და სტუმარმასპინძლობის დიდი ისტორია არსებობს“, - განაცხადა ანდრია ქურასბედიანმა.

რესტორატორმა მიმდინარე პერიოდში ტურისტების შემცირების გამო სექტორში არსებულ გართულებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი სტუმრების დივერსიფიკაცია და აქცენტის ადგილობრივ მომხმარებელზე გაკეთებაა.

„საკმაოდ რთული ვითარებაა რეგიონში, თუმცა მეწარმეებმა, რომლებიც ამ სფეროში უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, ალბათ იმიტომ, რომ სულ რაღაც ხდება.

ჩვენი სფერო გამორჩეულია იმით, რომ ნებისმიერი სირთულე პირველ რიგში ჩვენ გვეჯახება. ეს შეიძლება იყოს უცხოელი სტუმრების ნაკადის ცვლილება, ადგილობრივი ფაქტორები, ან სხვა კრიზისული სიტუაციები. კოვიდის პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა ამავდროულად გამოცდილება და გამძლეობა მივიღეთ. დაძაბული პერიოდები გვასწავლის, როგორ შევაფასოთ მოვლენები უფრო სიფრთხილით, როგორ დავინახოთ დივერსიფიცირების შესაძლებლობები და როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი საქმიანობა, გუნდი და ღირებულება, რომელსაც ჩვენი გასტრონომია წარმოადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ბარბარესთან“ და „ქართული სახლის“ შემთხვევას: ჩვენ შევძელით სირთულეებთან გამკლავება. ამის მიზეზი, ალბათ, ოჯახის მონდომება და კონცეპტუალური, გასტრონომიული ღირებულებაა, რომელსაც მომხმარებელს ვაწვდით. ამ პროცესში დიდი როლი ბრენდის სტაბილურობამაც ითამაშა“, - განაცხადა ქურასბედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები