მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალმა 208 მილიონ ლარს გადააჭარბა - საქსტატი

ბაზრობები

2025 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 208.8 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი 86.5% (180.7 მილიონი ლარი) სავაჭრო ფართის გაქირავებაზე მოდის. ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებულმა შემოსავალმა 9.6 მილიონი ლარი (4.6%) შეადგინა, ხოლო სხვა შემოსავლებმა 18.6 მილიონი ლარი (8.9%).

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზატორთა დანახარჯებმა 128.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება 55.2 მილიონი ლარი იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში სულ 198 ასეთი ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათგან ყველაზე მეტი 35.4% (70 ერთეული) ქალაქ თბილისშია განთავსებული. რეგიონების მიხედვით ლიდერობენ:

  • იმერეთი - 16.2% (32)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12.6% (25)
  • კახეთი - 11.1% (22)
  • ქვემო ქართლი - 7.6% (15)

მოქმედი ბაზრები და ბაზრობები სულ 2.0 მილიონ კვ. მეტრ ფართობს იკავებს. მათი 96.5% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3.5% სახელმწიფო საკუთრებაში.

2025 წელს ბაზრობების ტერიტორიაზე 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი იყო, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი კაცი შეადგინა.

ამასთან, თავად ბაზრობების დირექციებში საშუალოდ 2.7 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა 32.6%-ს ქალები შეადგენდნენ. დასაქმებულთა თითქმის ნახევარი (48.1%) თბილისზე მოდის.

რაც შეეხება ვაჭრობის ტიპს, ბაზრობების 35.9% გადახურულია (შენობაში), 34.3% ღია ტიპის, ხოლო 29.8% ნახევრად გადახურული. ობიექტების 30.8%-ში მხოლოდ არასასურსათო საქონლით ვაჭრობენ, ორ ბაზრობაზე მხოლოდ სასურსათო პროდუქციით, სამში ავტომობილებით, ხოლო სამ ბაზარში მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები