მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ელევატორებმა ₾253.7 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს - წლიური დატვირთვა შემცირებული იყო

საქსტატი

2023 წელს საქართველოში 43 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (25.6%) და კახეთის (23.3%) რეგიონებში იყო განთავსებული.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სასაკლაოების, სამაცივრე მეურნეობებისა და მეურნეობების 2023 წლის ძირითადი კვლევის მიხედვით, ელევატორების 11.6% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11.6% იმერეთის რეგიონში, 11.6% ქ. თბილისში, 9.3% შიდა ქართლის რეგიონში, 4.7% - გურიის რეგიონში და 2.3% - აჭარის არ-ში.

2023 წელს ელევატორების დატვირთვა და გაყიდული პროდუქციის ღირებულება შემცირებულია. წლის განმავლობაში ელევატორებიდან 253.7 მლნ. ლარის ღირებულების 237.6 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა, საიდანაც 44.2% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, მცირედით გაიზარდა ხარჯები და ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი შეადგინა.

2023 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 97.6%, სოიოს შროტზე მოდიოდა. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 84.4%) და ქატო (12.6%).

რაც შეეხება დატვირთვას, 2023 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 34 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 169 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 541 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის განმავლობაში ელევატორებში 386.4 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 53.2%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 24.4%-ს - სოიოს შროტი, 11.3%-ს - სიმინდი, 5.4%-ს - ხორბლის ფქვილი, დანარჩენ პროდუქციას კი უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 52.5%-ს, თებერვალში - 49.9%-ს, მარტში - 49.2%-ს, აპრილში - 46.8%-ს, მაისში - 45.4%-ს, ივნისში - 42.3%-ს, ივლისში - 51.6%-ს, აგვისტოში - 47.7%-ს, სექტემბერში - 50.3%-ს, ოქტომბერში - 58.1%-ს, ნოემბერში - 60.4%-ს, ხოლო დეკემბერში - 52.8%-ს.

ელევატორების 46.5% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 39.5% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 14% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს ელევატორების 46.5%. აქედან 35%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 65%-ს - საბრუნავი კაპიტალისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები