სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს წყალმომარაგების სექტორში ფაქტობრივმა ინვესტიციებმა დაგეგმილს გადააჭარბა.
წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ (GWP) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (UWSCG) მიერ ჯამში 468.7 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიზანს კი მომხმარებლისთვის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, არსებული ქსელის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა, ასევე აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიმართულება წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ამ მიმართულებით დანახარჯები მზარდია. გასულ წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტიცია 99.8 მლნ ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში გასამმაგებული მაჩვენებელია.
ინვესტიციები წყალმომარაგების სექტორში
გაზრდილია შპს „რუსთავის წყლის“ ფაქტობრივი ინვესტიციებიც და 2023 წელს 5.4 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2022 წელს 1.5 მლნ ლარი იყო.