რა შედეგებით დაასრულა 2023 წელი სადაზღვევო სექტორმა და როგორი იყო ის “თიბისი დაზღვევისთვის” - ამ საკითხებზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში დავით კიღურაძე, "თიბისი დაზღვევის" გენერალური დირექტორის მოადგილე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს სადაზღვევო ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“სადაზღვევო ინდუსტრიამ მნიშვნელოვან ზღვარს მიაღწია და 2023 წელს მოზიდული პრემიების ოდენობა მილიარდამდე გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ინდუსტრია 16-17%-ით იზრდებოდა, რაც, კოვიდის პერიოდთან შედარებით, კარგი მაჩვენებელია. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლიდან დღემდე ინდუსტრიის მოცულობა და სადაზღვევო შემოსავლები, დაახლოებით, 2-ჯერ გაიზარდა.
ვერ ვიტყოდი, რომ სახელმწიფო რეგულაციების მხრივ დიდი ცვლილებები განხორციელდა, რაც ინდუსტრიის ზრდას შეუწყობდა ხელს. ერთადერთი რეგულაცია ის კანონპროექტი იყო, რომელიც ქვეყნის საზღვარზე შემოსული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს. პრემიები მნიშვნელოვნად სხვა მიმართულებით გაიზარდა”, - აღნიშნავს დავით კიღურაძე.
მისი განმარტებით, 2023 წლის მონაცემებით, სადაზღვევო პრემიების ზრდა პენეტრაციის ზრდას უკავშირდება, რადგან კერძო დაზღვევით მომსახურე პირთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
“დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 720 000 ადამიანია, ვინც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს, ასევე დაზღვეულია 125 000 ავტომობილი. მართალია, ეს რიცხვები მასშტაბურად ჟღერს, თუმცა ქვეყანაში ჯამში რეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით დაზღვეული მხოლოდ მათი 7%-ია, კერძო დაზღვევით კი მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. თუმცა წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მცირედით იზრდება”, - ამბობს დავით კიღურაძე.
რაც შეეხება თავად “თიბისი დაზღვევის” შედეგებს, მისი გენერალური დირექტორის მოადგილე BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიის სადაზღვევო პრემიებმა 170 მილიონიან ნიშნულს მიაღწია.
“თიბისი დაზღვევის” შედეგები კარგად გამოიყურება, შარშან გავიზარდეთ 16-17%-ით, მივაღწიეთ 170 მილიონიან ნიშნულს და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა, რომელმაც 50 ათასს გადააჭარბა. აქტიურად ვიზრდებოდით სხვა ბიზნეს მიმართულებებითაც და ჯამურად კომპანიის კაპიტალიზაცია 25 მილიონი ლარით გაიზარდა, ჩვენი ბაზრის წილი კი 17%-ს შეადგენს”, - ამბობს დავით კიღურაძე.
“თიბისი დაზღვევის” დირექტორის მოადგილე კომპანიის 2024 წლის გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანი კორპორაციული და SME მიმართულების განვითარებაა.
“საცალო დაზღვევის მიმართულებით კარგი პოზიციები გვაქვს, მაგრამ დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, რომ კორპორაციულ პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომსა და მიმზიდველს გავხდით და SME მიმართულებით განვავითარებთ ჩვენს პროდუქტებს. გვსურს, მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტომობილის, ქონების თუ სხვა სადაზღვევო პროდუქტები. წელს ვეცდებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ”, - ამბობს დავით კიღურაძე.
გარდა ამისა, 2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის დამტკიცებასაც ელოდება. კიღურაძის პროგნოზით, აღნიშნული კანონი 2024 წელს დამტკიცდება და ძალაში 2025 წლიდან შევა, რადგან ის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.