მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასულ წელს მატრასებზე ფასები შევამცირეთ" - Royal Georgia

მატრასები

ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების მწარმოებელი ქართული კომპანია Royal Georgia გასულ 2023 წელს BM.GE-სთან აჯამებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა, თეა მაისურაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 2023 წელი კომპანიისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, რასაც ახალი ფილიალის დამატებამ შეუწყო ხელი.

"2023 წელს ერთი ფილიალი ქალაქ გორში დავამატეთ, რომელმაც 5-6 მსხვილი სასტუმროს დაკომპლექტების საშუალება მოგვცა. გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, გასულ წელს ახლად გახსნილი სასტუმროების უმრავლესობა, სწორედ ჩვენი მატრასებით მომარაგდა", - ამბობს თეა მაისურაძე და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საწარმომ 5 000-ზე მეტი ერთეული მატრასი აწარმოვა.

გარდა ამისა, დამფუძნებლის თქმით, Royal Georgia-მ გასულ წელს საწარმო ახალი დანადგარებითაც აღჭურვა, რამაც საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.

"შევიძინეთ ისეთი დანადგარები, რომლებიც დიდ მატრასებს ერთ მთლიან რგოლად ახვევს, მისი გახსნის შემთხვევაში კი პირვანდელ სახეს უბრუნებს. ამ შეფუთვით ტრანსპორტირების ხარჯები მცირდება, რადგან ერთ ტრანსპორტში უფრო მეტი მატრასის ჩადება შეგვიძლია. გარდა ამისა, მარტივდება მისი გადაადგილებაც მომხმარებლისთვის, სართულებზე ატანა", - ამბობს Royal Georgia-ს დამფუძნებელი.

რაც შეეხება მატრასების სარეალიზაციო ფასებს, თეა მაისურაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელს მომხმარებლებისთვის პროდუქტი, საშუალოდ, 300 ლარით გაიაფდა.

"თუ ადრე ორთოპედიული ორსაწოლიანი მატრასები 800 ლარამდე ღირდა, გასულ წელს შევძელით, რომ 300 ლარით გაგვეიაფებინა. შესაბამისად, მომხმარებელს გამძლე, ნატურალური ბამბის ქსოვილით აწყობილი მატრასის ყიდვა 500 ლარად შეეძლო. ასეთმა ბიუჯეტურმა ფასებმა კი უფრო მეტი მომხმარებელი გააჩინა.

ფასების კლებას ხელი პირველ რიგში შეუწყო ლარის გამყარებას, წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა, ჩვენივე წარმოების ზამბარა, წინა წლებისგან განსხვავებით, უფრო აქტიურად დავტვირთეთ და აღარ მოგვიწია თურქეთიდან შესყიდვები, ვიპოვეთ მომწოდებელი, რომლებიც უფრო ბიუჯეტურ ფასად გვთავაზობენ ქსოვილებს. ამ ყველაფერმა პროდუქტის თვითღირებულებაც გააიაფა", - განაცხადა თეა მაისურაძემ.

საწარმოს დამფუძნებელს ბიზნესისათვის მუდმივად აქტუალურ, კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემაზეც ვესაუბრეთ, თუმცა თეა მაისურაძემ აღნიშნა, რომ Royal Georgia-ს მატრასების წარმოებაში მთავარი კომპიუტერული უნარების ათვისებაა, რადგან ამ პროცესის ძირითადი ნაწილი ავტომატიზებულია, კომპანიის პარტნიორი უცხოელი ტექნოლოგები კი სამუშაო ძალას მუდმივ გადამზადებას უტარებენ.

Royal Georgia-მ ორთოპედიული მატრასების წარმოება 2014 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ კომპანია, მარკეტინგულ შვილობილ კომპანიასთან ერთად, 50-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ბრენდული მაღაზია ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარეობს, მათი პროდუქციის ასორტიმენტი კი სხვადასხვა, 20-მდე მაღაზიაში, შესაბამისი ფასნამატით იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები