გლემპინგ ინფრასტრუქტურის იმპორტიორმა და მშენებელმა კომპანიამ Glampshop 2025 წელი ფაქტობრივად ნულოვანი გაყიდვებით დაასრულა. BM.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელი შალვა ბერიძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით, როდესაც ბიზნესი მზარდ ტრენდს აჩვენებდა, გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა და კომპანიამ „ნულოვანი გაყიდვა“ დააფიქსირა.
მისი თქმით, ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო იყო, რაც პირდაპირ აისახა როგორც ტურიზმის სექტორზე, ისე ინვესტორთა განწყობებზე.
„გასული წელი, სამწუხაროდ, ძალიან რთული იყო. წინა წლებში მუდმივი ზრდის ტენდენცია გვქონდა, თუმცა 2025-მა ფაქტობრივად 2019 წლის დონეზე დაგვაბრუნა, როცა გლემპინგი პირველად ჩამოვიტანე და მხოლოდ ერთ-ორ შეკვეთაზე ვმუშაობდი”, - თქვა მან.
ბერიძე განმარტავს, რომ ხშირი საპროტესტო აქციები და პოლიტიკური პროცესები ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახა, რის გამოც უცხოელი ვიზიტორები და პოტენციური დამკვეთები თავს იკავებდნენ. დამატებით ფაქტორად სახელდება არჩევნების წელიც, რაც ბიზნესისთვის გაურკვევლობას ზრდიდა და ინვესტიციების გადადებას იწვევდა.
"ნულოვანი გაყიდვების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო იყო - ხშირი საპროტესტო აქციები, ტურიზმის შეფერხება და ქვეყნის იმიჯის გაუარესება მეზობელ ბაზრებზე. შედეგად, როგორც ტურისტები, ისე პოტენციური ინვესტორები თავს იკავებდნენ. ამას დაემატა საარჩევნო წელიც, რაც დამატებით გაურკვევლობას ქმნიდა. ასეთ პირობებში კი არასტაბილურობა ბიზნესისთვის გადამწყვეტი შემაფერხებელი ფაქტორია", - ამბობს ბიზნესის წარმომადგენელი.
„გლემპშოპი“ საქართველოში გლემპინგის მიმართულებით 2018 წლიდან ოპერირებს, ხოლო 2020 წლიდან ოფიციალური იმპორტიორი და მშენებელია. მისი ბიზნესმოდელი მოიცავს როგორც გლემპინგის კონსტრუქციების იმპორტს ჩინეთიდან, ისე ნაწილობრივი წარმოების ლოკალიზაციას საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გლემპინგის როგორც საბაზისო, ისე სრულ კომპლექტებს, ასევე დამატებით მომსახურებებს – ტრანსპორტირებას, მონტაჟსა და სრულ სამშენებლო სამუშაოებს.


























