ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი ქალაქ ბათუმშია დაგეგმილი, თუმცა ამ მხრივ ქობულეთში რაიმე სახის ღონისძიება ჩანიშნული არ არის.
Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერი ელზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტების მხრივ უფრო მეტად დატვირთული ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარშია, თუმცა მისი შეფასებით, გასულ წელთან შედარებით ზრდა ამ მონაცემებით, მათი სასტუმროს მიმართ მოთხოვნაზე 20%-იანია.
“ქობულეთს რაც შეეხება ივნისი ნაკლებად დატვირთული და აქტიურია სხვა თვეებთან შედარებით. უფრო ტურისტები ივლისი, აგვისტო, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩამოდიან. ივნისი მაინც გამოირჩევა სხვა სეგმენტით, უფრო ბიზნეს ინდივიდუალები, მაის სეგმენტი, აი ამ მხრივ უფრო ვართ დატვირთულები ვიდრე ტურისტებით.
ქობულეთში კი მაისიდან უნდა იწყებოდეს ტურისტების ჩამოსვლა, მაგრამ ბათუმთან შედარებით ივლისში უფრო ჩამოდიან.
რაც შეეხება მოლოდინებს, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-22%-ით მეტი გვაქვს ჯავშნები ამ წუთას. ძირითადად მეზობელი ქვეყნები აქტიურობენ, ევროპის ქვეყნებიდან პოლონეთიდან ბალტიისპირა ქვეყნებიდანაც არის მოთხოვნა. ასევე გასულ წელთან შედარებით ჯავშნების დინამიკა 2024 წელს უკეთესია ,”- ამბობს Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერი ელზა ჯინჭარაძე.
Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერის თქმით, საზღვაო სეზონს სასტუმრო განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. მისი თქმით, სრულად რეაბილიტირდა სასტუმროს სპა, სავარჯიშო დარბაზი და სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყო ახალი ღია ტიპის ბარები.