მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, შვეიცარიას საქართველოს სასარგებლოდ ნეგატიური სავაჭრო ბალანსი ჰქონდა

6028f0c8d9241
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 16:00
956
გასულ წელს, შვეიცარიას საქართველოს სასარგებლოდ ნეგატიური სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს შვეიცარიაში საქართველოდან 106,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იქიდან 61,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის იმპორტი დაფიქსირდა.

ამ საკითხზე BMG-სთან ინტერვიუში შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს ასევე შვეიცარია იყო ქართული პროდუქციისთვის რიგით მერვე საექსპორტო ბაზარი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქართული პროდუქტებისა მთლიანად ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის.

„2020 წელს კორონავირუსის და მთიანი ყარაბაღის კრიზისის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წელთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია კიდევ გაუმჯობესება და უფრო მეტად დივერსიფიცირება“, - აღნიშნა ელჩმა.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციას შორის ძვირფასი ქვების და ლითონების ნაწარმი ლიდერობს, რომლის მოცულობამაც მაგალითად, 2019 წელს 65,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს კი 92,4 მლნ აშშ დოლარი.

"რამ განაპირობა ეს? პირველ რიგში, შვეიცარია არის მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო ცენტრი. მეორე მხრივ, ჩვენს საათებისა და საიუველირო ინდუსტრიას აქვს ინტერესი მაღალხარისხიანი ძვირფასი მეტალების მიმართ", - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის შვეიცარიას შორის, 2017 წელს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელმაც საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალება მისცა წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე შეიტანონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები