"ბიზნესკლიმატი, საგადსახადო სისტემა და ეკომეგობრული საქმიანობა - ეს არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც ფეროშენადნობი საწარმოების წარმატებული საქმიანობისთვისაა საჭირო",- ამის შესახებ bm.ge-სთან Metal Expert-ის ფეროშენადნობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექს ანდრეევი აცხადებს.
მისი თქმით, ამ მიმართულებებში საქართველო უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა.
„საქართველო უფრო წინაა ამ მიმართულებებში სახელმწიფო რეგულაციების, გასაგები საგადასახადო სისტემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. უკრაინაში კი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც უკრაინელი ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანა გაყვება საქართველოს გზას და მისგან მაგალითს აიღებს“,- აცხადებს ალექს ანდრეევი.
რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, მისი ინფორმაციით, ამ სექტორში ყოველთვის ბევრი პრობლემაა, რამდენადაც სფერო ძალიან ცვალებადია.
„თუმცა მთავარი პრობლემა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოსთვის არის მაგალითად მანგანუმის რესურსი. მიზეზი კი ისაა, რომ ზოგადად მანგანუმის ხარისხი და რაოდენობა მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან მეტი მოქნილობა. გასულ წლებში მანგანუმის ფასები მკვეთრად მერყეობდა, რაც სხვადასხვა მომენტში მძიმე შედეგებს იწვევდა - მკვეთრი ზარალის ან მოგების მიმართულებით. მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა კი ახალი ბაზრებია. დსთ-ს ქვეყნებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, მაგალითად რუსეთ-უკრაინას შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს გაყიდვებზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია ბაზრის რაც შეიძლება მეტად დივერსიფიკაცია, რომ დაზღვეული იყოს კომპანიის რისკები“,-აცხადებს ალექს ანდრეევი.

























