ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში 37 ადამიანია გადაყვანილი, საიდანაც 24 აქციის მონაწილე, ხოლო 12 პოლიციელია. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, აქციებზე საკმარისზე დიდი რაოდენობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან ხოლმე მობილიზებული.
"გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში 37 ადამიანია გადაყვანილი. ოღონდ, არცერთ მათგანთან არ არის რაიმე სახიფათო ან საყურადღებო ვითარება. მათ სჭირდებოდათ სამედიცინო მომსახურება იმგვარად, რომ რეალურად მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რაიმე ზიანი და საფრთხე არ ემუქრებათ.
ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი გახლავთ აქციის მონაწილე, ხოლო 12 ადამიანია პოლიციელი, რომელიც ასევე იქნა გადაყვანილი. სხვათა შორის, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლებითაც კლინიკებში მოქალაქეებზე მეტად პოლიციელები შეჰყვათ. მათ აღენიშნებათ ეს ტრავმები, რომლებიც გამოწვეულია მათ შორის მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდებ უკლებლივ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და წესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როდესაც არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები და გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.