გასული კვირის განმავლობაში "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ… გასულ კვირას "ზემო ლარსის" საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვარი 33 ათასზე მეტმა ავტომობილმა და 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირას რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა (ФТС) "ზემო ლარსზე" სარეკორდო მგზავრთა ნაკადის შესახებ განაცხადა: დღე-ღამის განმავლობაში გამშვები პუნქტი 20 ათასზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. აღინიშნა, რომ 15 და 16 აგვისტოს გამშვებ პუნქტს დღე-ღამეში 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა. ტურისტული ნაკადის მაღალ ინტენსივობას თან ახლავს მსუბუქი ტრანსპორტის რეკორდული რაოდენობაც. უწყების მონაცემებით, ამ სტატისტიკაში გათვალისწინებული იყო მონაცემები როგორც რუსეთში შესვლის, ისე ქვეყნიდან გამოსვლის მიმართულებით.




























