რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში "გორგიას" უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი რომელაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კომპანიის საწყობში ათასობით პირბადე და სათვალეა, თუმცა კომპანია ამტკიცებდა, რომ აღნიშნული პროდუქცია დეფიციტშია.
შემდეგ
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელაშვილმა სამსახური დატოვა.
სამსახური დატოვა "გორგიას" მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი თურქაძემაც.
"მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით.
რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე".
გიორგი რომელაშვილი, რომელმაც კომპანია "გორგია" სათვალეებისა და პირბადეების გადამალვაში ამხილა, გამოკითხვაზე დაიბარეს.
“მიბარებენ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოწმეს.რეჟიმი ყველას კარზე დააკაკუნებს თუ ხმას არ ამოიღებთ” - დაწერა რომელაშვილმა სოციალურ ქსელში.
"გორგიას" განცხადება
დღეს, კომპანია "გორგიამ" გაავრცელა განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ადასტურებს აღნიშნული პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვას, მაგრამ არ აკონკრეტებს ვის მიერ და რის საფუძველზე; თუმცა სავარაუდოდ, კომპანიამ დავალება შემოსავლების სამსახურისგან მიიღო.
"გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.
მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია", - წერს კომპანია facebook-ის პირად გვერდზე.